Accessibility links

ავღანეთში მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა


25 აგვისტოს ავღანეთში მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია ბალხში თვითმკვლელის მიერ სატვირთო ავტომანქანით განხორციელებულ აფეთქებას ემსხვერპლა სამი ადამიანი - ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმის ორი წევრი და ერთი სამოქალაქო პირი, იტყობინება პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერი. ხოლო ავღანეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის თქმით, დაღუპულია მინიმუმ ექვსი სამხედრო და დაიჭრა 35-მდე სამოქალაქო პირი. ცნობის თანახმად, აფეთქების შედეგად დაინგრა ათობით შენობა.

ბალხში მომხდარი აფეთქებისთვის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა. მისი თქმით, დაიღუპა ათობით სამხედრო მოსამსახურე.

25 აგვისტოს პროვინცია ღორში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე განხორციელებული იერიშის შედეგად მოკლულია ავღანეთის რვა ჯარისკაცი და ხუთი დაიჭრა, იტყობინება პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერი. მისი თქმით, თავდასხმა ხუთსაათიან ბრძოლაში გადაიზარდა. ღორში თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.

ქაბულში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრნენ პოლიციელი ქალი და მისი მძღოლი. თავდამსხმელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება.

გაეროს ანგარიშის თანახმად, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა, 2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში ძალადობას 1282 ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG