Accessibility links

შატილის გზაზე დაღუპულთა ოჯახის წევრებს მთავრობა დაეხმარება


საქართველოს მთავრობის ადმინისტაციის ცნობით, მზად არიან დაეხმარონ შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს. საუბარია უცხოეთიდან ჩამოსვლის მსურველებზე. მათ მთავრობა, საზღვრის კვეთასა და შემდგომ პროცედურებში დაეხმარება.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დახმარებით, უზრუნველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას.

განცხადების თანახმად, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოსთან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR-ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.

„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებაში, რათა მათ დროულად მოახერხონ საკუთარ ოჯახებთან ჩამოსვლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG