Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში დაიწყო „მშვიდობიანი რევოლუცია“


ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ლიეტუვაში დევნილი სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში დაიწყო „მშვიდობიანი რევოლუცია“ და ის და მისი თანამებრძოლები არიან არა ოპოზიცია, არამედ „უმრავლესობა“.

„ბელარუსში რევოლუცია არ არის გეოპოლიტიკური. ის არ არის არც პრორუსული, არც ანტირუსული და არც პროევროპული რევოლუცია. ეს არის დემოკრატიული რევოლუცია. ეს არის ხალხის სწრაფვა, დამოუკიდებლად, თავისუფლად და პატიოსნად აირჩიოს თავისი ლიდერები და განსაზღვროს თავისი მომავალი. ბელარუსში მიმდინარეობს არაძალადობრივი რევოლუცია“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან 25 აგვისტოს გამართული ვიდეოკონფერენციის დროს.

სვიატლანა ციხანოუსკაიამ აღნიშნა, რომ ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების საკითხზე მზად არის გამართოს დიალოგი ხელისუფლებასთან.

ამისთვის შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრებსაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ დაუპირისპირა მუქარა და რეპრესიები. „დაშინება არ გაჭრის. ჩვენ ფარ-ხმალს არ დავყრით“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

24 აგვისტოს ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი დააკავა.

იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტივენ ბიგანი ლიეტუვაში შეხვდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელსაც პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ნამდვილ გამარჯვებულად მიიჩნევენ.

აშშ-მა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი, რომლის თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ ცნო.

აშშ-მა ასევე დაგმო ბელარუსის ხელისუფლება დემონსტრანტების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG