Accessibility links

ბელარუსში მიწას მიაბარეს აქტივისტი, რომელიც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა


ბელარუსის ქალაქ მოლოდეჩნოში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკიტა კრივცოვი, რომელიც, ახლობლების თქმით, ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის დროს, 12 აგვისტოს გაუჩინარდა.

ჟოდინოს მცხოვრები, 28 წლის კრივცოვი, 23 აგვისტოს ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კრივცოვს არანაირი კავშირი არ ჰქონდა საპროტესტო აქციებთან, მილიციას იგი არ დაუკავებია და სხეულზე არავითარი დაზიანება არ ჰქონია.

უწყებაში მიანიშნებენ, რომ კრივცოვს ჰქონდა პრობლემები, რადგან ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მან და მისმა ცოლმა განშორება გადაწყვიტეს.

მაგრამ ნიკიტა კრივცოვის დედა, ანჟელიკა კუხტო, ამტკიცებს, რომ მისი შვილი მიტინგებში მონაწილეობდა, რის დასტურად მას მოაქვს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც მისი შვილი თეთრ-წითელი-თეთრი დროშით ხელში მილიციის წინ დგას.

ნიკიტა კრივცოვის ცოლის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ვიქტარ მაცკევიჩმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კრივცოვის სიკვდილის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, ნათესავების თხოვნის მიუხედავად.

9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ბელარუსში საპროტესტო აქციები და გაფიცვები ორი კვირის განმავლობაში გრძელდება.

დემონსტრანტები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად არჩევნებში 80%-ზე მეტი ხმით მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა.

ცნობილია, რომ აქციების დროს დაიღუპა სულ მცირე 4 დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG