Accessibility links

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა არჩევნების შედეგების გადასინჯვაზე


ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის სამი ყოფილი კანდიდატის სარჩელები და უარი განაცხადა 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გადათვლაზე.

უზენაეს სასამართლოში შესაბამის საჩივრების შეიტანეს სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ანა კონოპაცკაიამ და ანდრეი დმიტრიევმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია, თუ არჩევნები თავად კომისიამ არ ცნო უკანონოდ, - იუწყება დამოუკიდებელი სააგენტო TUT.by

სვიატლანა ციხანოუსკაიამ 25 აგვისტოს ევროპარლამენტარებთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების საკითხზე მზად არის გამართოს დიალოგი ხელისუფლებასთან.

ამისთვის შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრებსაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ დაუპირისპირა მუქარა და რეპრესიები. „დაშინება არ გაჭრის. ჩვენ ფარ-ხმალს არ დავყრით“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ბელარუსში საპროტესტო აქციები და გაფიცვები ორი კვირის განმავლობაში გრძელდება.

დემონსტრანტები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად არჩევნებში 80%-ზე მეტი ხმით მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა.

ცნობილია, რომ აქციების დროს დაიღუპა სულ მცირე 4 დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG