Accessibility links

site logo site logo

დაურ კოვე: თბილისი მანიაკალური სიჯიუტით აკვირდება საზღვარგარეთ აფხაზების ყველა ნაბიჯს


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს არ აქვს მარტივი და ცალსახა პასუხი შეკითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს აფხაზეთის დამოუკიდებლობის შემდგომ აღიარებას. ამის შესახებ კოვემ განაცახდა სააგენტო „აფსნიპრესთან“ ინტერვიუში, რომელიც ეხება რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან მე-12 წლისთავს.

დე ფაქტო მინისტრის თქმით, პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია არსებული საერთაშორისო კონიუნქტურა და საქართველოს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის ამოცანაა გარე სამყაროსგან აფხაზეთის სრულმასშტაბიანი იზოლაცია.

დაურ კოვე ამბობს, რომ აფხაზური მხარის და მისი მოკავშირეების ძალისხმევა აწყდება მყარ წინააღმდეგობას საქართველოს მხრიდან, რომელიც „მანიაკალური სიჯიუტით აკვირდება საზღვარგარეთ აფხაზეთის წარმომადგენლების ლამის ყველა ნაბიჯს“. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მფარველობენ აშშ და ევროკავშირი, რომლებიც საერთაშორისო სტრუქტურებში თბილისის ინტერესებს ლობირებენ და საჭიროდ არ თვლიან აფხაზეთის რესპუბლიკის აზრის გათვალისწინებას.

კოვეს თქმით, მიუხედავად ამისა, თანმიმდევრულად გააგძელებენ საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევის და აფხაზეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კურსს და ძალისხმევას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

დღეს 12 წელი შესრულდა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებიდან. საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა აღიარებული აქვთ ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას.

საქართველომ ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG