Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შეხვდა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის გამო.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩის ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

თეა ახვლედიანმა ილაპარაკა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ პოლიტიკის მხარადჭერის მნიშვნელობაზეც.

„ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა გზა იმისა, თუ როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი და საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა საზოგადოების ინტეგრაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობისა და კავშირების აღდგენის პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად. ასევე მხარდაჭერას უცხადებს შერიგების მშვიდობიან პროცესს“, - თქვა კელი დეგნანმა სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ..

თეა ახვლედიანი აგვისტოს დასაწყისიდან იკავებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას. მან შეცვალა ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG