Accessibility links

აშშ აკვირდება ალასკის მახლობლად მყოფ რუსულ წყალქვეშა ნავს


ალასკის სანაპიროს მახლობლად, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ამოყვინთა რუსულმა წყალქვეშა ნავმა. აშშ-ის არმიის ჩრდილოეთის სარდლობა ტვიტერზე იუწყება, რომ რუსულ გემს ყურადღებით აკვირდება.

ამერიკული სარდლობის ინფორმაციით, რუსული წყალქვეშა ნავი შეერთებული შტატების ტერიტორიიდან შორს, საერთაშორისო წყლებში იმყოფება და მისგან რაიმე დახმარების თხოვნა არ მიუღიათ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. სააგენტო „რია ნოვოსტი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალასკის მახლობლად იმყოფება ატომური წყალქვეშა კრეისერი „ომსკი“, რომელიც ბერინგის ზღვაში, სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს.

სააგენტო Associated Press-ი ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა წყალქვეშა ნავმა სამხედრო სწავლების დროს ამოყვინთა.

ბერინგის ზღვაში რუსეთის სამხედრო წვრთნებმა ამერიკული თევსაჭერი გემების შეშფოთება გამოიწვია. რამდენიმე მათგანმა აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურს აცნობა, რომ გზად რუსულ გემებს გადააწყდნენ. სანაპირო დაცვა დაუკავშირდა სამხედრო სარდლობას, რომელმაც დაუდასტურა, რომ ბერინგის ზღვაში რუსეთი სამხედრო სწავლებას ატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG