Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში მოითხოვენ გამოძიების დაწყებას ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო


"ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ" საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს მოსთხოვა, სისხლის სამართლის საქმე აღძრას ჟურნალისტების წინააღმდეგ 27 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულის გამო.

ასოციაციის განცხადებით, მინსკსა და ბრესტში შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს ათეულობით ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებდნენ.

"ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის" განცხადებით, მილიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს ჩანაწერები წაუშალეს და ტექნიკის დაზიანებით ან განადურებით ემუქრებოდნენ. დაკავებულთა უმეტესობას არც ოქმი შეუდგინეს და არც უფლებები განუმარტეს.

"ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტების კანონიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მუხლით და გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებს ჩამოაშორონ სამართალდამცავი ორგანოს ეჭვმიტანილი წარმომადგენლები.

ასოციაცია მიუთითებს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებით დაირღვა არა მხოლოდ ბელარუსის კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებიც.

"ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ" გამოაქვეყნა 27 აგვისტოს დაკავებული 50-მდე ჟურნალისტის სია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების თანამშრომლებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG