Accessibility links

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს


თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს თხოვნით, წესი აუგონ მიცვალებულს.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბავშვი მამამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ, შესაძლოა, მამას 11 წლის შვილი ცემის დროს შემოაკვდა.

„შეიძლება სულაც არ მოუკლავს თავი. არ ვიცი, ღმერთის წინაშე ტყუილს ვერ ვიტყვი... თუ ბავშვმა მართლა მოიკლა თავი, ეს გააკეთა სტრესის გამო, ამიტომ ვთხოვ საპატრიარქოს, დართოს ნება და ჩემს პატარას წესი აუგონ და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან“, - უთხრა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ გარდაცვლილის ბებიამ, როზა ბოგვერაძემ.

თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფის გიორგი შალამბერიძის თქმით, თუ მოზარდმა თავი მოიკლა, ეკლესია წესს ვერ აუგებს და ვერც გამონაკლისს დაუშვებს.

„თუ თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში... 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ - არა“, - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ბავშვის მამა.

ამავე თემაზე: თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ვინ რა იცოდა 11 წლის ბავშვის შესახებ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG