Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო დასაშვებად თვლის თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგებას


საქართველოს საპატრიარქომ, მას შემდეგ, რაც თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ოჯახმა თხოვნით მიმართა, დასაშვებად მიიჩნია ბავშვისთვის წესის აგება.

"თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი" - ეს განცხადება საპატრიარქომ 29 აგვისტოს, საღამოს გაავრცელა.

გარდაცვლილი მოზარდისთვის წესის აგებას დაუშვებლად მიიჩნევდა თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე და ოჯახს საპატრიარქოსთვის მიმართვის საჭიროება ეპისკოპოსის უარის შემდეგ გაუჩნდა.

„თუ თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში... 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ - არა“, - განაცხადა თერჯოლა-ტყიბულის ეპისკოპოსმა გიორგიმ.

თერჯოლაში 11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბავშვი მამამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ, შესაძლოა, მამას 11 წლის შვილი ცემის დროს შემოაკვდა.

შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ბავშვის მამა.

ამავე თემაზე: თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ვინ რა იცოდა 11 წლის ბავშვის შესახებ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG