Accessibility links

Bellingcat: დადგენილია ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილის ვინაობა


ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მომზადებასთან, სავარაუდოდ, კავშირის მქონე რომან დემიანჩენკო, ("რომან დავიდოვი") რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) საგანგებო განყოფილების, „ვიმპელის“, ყოფილი ოფიცერი.

საგამოძიებო ჯგუფმა, Bellingcat-მა, რუსეთის საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა და გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“ 29 აგვისტოს გამოაქვეყნეს ახალი მასალები, რომელიც ეხება შარშან, ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას.

ისინი ამტკიცებენ, რომ დაადგინეს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის ვინაობა, რომელიც მკვლელობასთან არის დაკავშირებული. ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა ტერორიზმის ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში საპატიმროში იმყოფება.

საგამოძიებო ჯგუფები ამტკიცებენ, რომ კრასიკოვის თანამოსაქმე იყო რომან დემიანჩენკო, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) საგანგებო განყოფილების, „ვიმპელის“, ყოფილი ოფიცერი.

ის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩავიდა ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე „რომან დავიდოვის“ სახელზე გაცემული პასპორტით.

The Insider-ი გამოთქვამს ვარაუდს, რომ უშიშროების სამსახურის 39 წლის ყოფილი თანამშრომელი მკვლელს თავდასხმის მომზადებაში დაეხმარა.

ის რუსეთიდან ავტომანქანით ჩავიდა ბელარუსის გავლით პოლონეთში და იქიდან გერმანიაში. დემიანჩენკო გერმანიაში ჩავიდა სლოვაკეთის ვიზით (სლოვაკეთმა ახლახან გააძევა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი და რუსეთი დაადანაშაულა საკონსულოს შეცდომაში შეყვანაში, იქ ყალბი პასპორტის წარდგენის გამო).

ის, ამ მონაცემებით, რუსეთში დაბრუნდა 2019 წლის 7 აგვისტოს.

გამოძიების თანახმად, დემიანჩენკოს გვარის მქონე პირთან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ანდრეი საზონცოვს, კრასიკოვის ერთ-ერთ ნაცნობს. გამოძიებამ შეადარა დავიდოვისა და დემიანჩენკოს ფოტოები და დაადგინა, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია.

Bellingcat-ის თანახმად, დემიანჩენკო დაიბადა 1980 წელს, ხოლო „ვიმპელში“ მსახურობდა 2011 წლამდე. ის დღემდე ურთიერთობს ФСБ-ს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებთან. ოფიციალურად 2019 წელს ის მუშაობდა კომპანია „ვიმპელ-სოდეისტვიეში“, რომელიც ეკუთვნის ედუარდ ბენდერსკის, „ვიმპელის“ ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტს. ამტკიცებენ, რომ გერმანიაში გამგზავრებამდე კრასიკოვს კავშირი ჰქონდა იმავე ბენდერსკისთან.

რა იყო დემიანჩენკოს კონკრეტული როლი ამ ოპერაციაში, გამოძიების ავტორები არ წერენ, მაგრამ თვლიან, რომ ახალი მონაცემები ადასტურებს ადრე გამოთქმულ ვერსიას, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა მოაწყვეს „ვიმპელთან“ დაახლოებულმა პირებმა, რომლებით ალბათ თავიანთი მოქმედების კოორდინირებას ეწეოდნენ ФСБ-თან.

გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ განიხილავს ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობას. მოსკოვმა ოფიციალურად არაერთხელ უარყო მკვლელობასთან კავშირი.

ამ საქმემ გაამწვავა დიპლომატიური ურთიერთობა გერმანიასა და რუსეთს შორის. დეკემბერში გერმანიამ გააძევა ორი რუსი დიპლომატი მას მერე, რაც მოსკოვს ბრალად დასდო, რომ მკვლელობის გამოძიებაში თანამშრომლობა არ ისურვა.

ახლახან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ გერმანია რუსეთის მიმართ გადადგამს დამატებით ნაბიჯებს, თუ სასამართლო დაამტკიცებს პროკურატურის ბრალდებას, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან მოსკოვი იდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG