Accessibility links

site logo site logo

სვიატლანა ციხანოუსკაია სიტყვით მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს და PACE-ს


ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია ამ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართავს ბელარუსში 9 აგვისტოს სადავო არჩევნების შემდეგ შექმნილი დაძაბული ვითარების შესახებ.

ციხანოუსკაიას გუნდის თანახმად, ოპოზიციის ლიდერის სიტყვის მიმართვა იგეგმება ესტონეთის ინიციატივით, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია.

ციხანოუსკაიამ 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დატოვა ბელარუსის ტერიტორია და ამჟამად იმყოფება ლიეტუვაში, საიდანაც პრეზიდენტობის ექსკანდიდატი ტელეფონის საშუალებით ესაუბრა რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ციხანოუსკაიას პრესმდივნის თანახმად, 8 სექტემბერს, ლიეტუვაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სიტყვით მიმართავს PACE-ს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

ციხანოუსკაიას გუნდის განცხადების ფონია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობა, რომლის თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირად შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

კრემლის პრესსამსახურმა ადრე დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს პუტინის და ლუკაშენკას მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა და მოილაპარაკეს მოსკოვში მომავალ კვირებში შეხვედრის შესახებ.

გასულ კვირაში ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბერლინში შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, სანქციები დაუწესონ 20-მდე მაღალი რანგის ბელარუს ოფიციალურ პირს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული და მონაწილეობდნენ 9 აგვისტოს სადავო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობაში.

მინისტრებმა არ გამორიცხეს, რომ სანქციები შეეხოს ასევე პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასაც, თუ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევა არ შეწყდება.

30 აგვისტოს, მინსკსა და სხვა ქალაქებში გამართული მორიგი მრავალრიცხოვანი სამშვიდობო აქციების დროს, სამართალდამცველებმა სულ მცირე 150 კაცი დააკავეს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისა და მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG