Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელო" მოითხოვს "პატრიოტთა ალიანსის" არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადებას


პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრეზიდენტის, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან მოითხოვს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების მიზნით.

ქუთაისში, 8 აგვისტოს მემორიალთან გამართულ ბრიფინგზე, იმერეთის მუნიციპალიტეტებში „ლელოს“ მიერ წარდგენილმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოითხოვეს, რომ უფლებამოსილმა პირებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

„ლელოს“ მოთხოვნის საფუძვლად იქცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერები სლოგანით: „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“, რომელზეც აჭარა აღნიშნული იყო წითელი ფერით, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო.

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკა და რიტორიკა როგორც აჭარაში, ასევე დანარჩენ საქართველოში, ხშირად ეფუძნება საქართველოში სხვადასხვა ჯგუფს შორის შუღლის გაღვივებას და ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სულისკვეთებასა და კონსტიტუციურ პრინციპებს“, - განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, ახლახან ამ პარტიის ლიდერები კანონდარღვევით სტუმრობდნენ ოკუპირებულ აფხაზეთს და ასევე, საჯარო სივრცეში გაჟღერდა ინფორმაცია პარტიის მიერ რუსული დაფინანსების მიღების თაობაზეც.

ნაცვლიშვილის თქმით: „ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოება ფორმალურად მაინც არსებობს, ეს ინფორმაცია უნდა გახდეს ოფიციალური გამოძიების საგანი. ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების ან დისკრეციის საკითხი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია“.

„ლელოს“ კანდიდატთა განცხადებით, მთავრობის მაღალჩინოსანთა ფეისბუკპოსტები საკმარისი არ არის. ხელისუფლება ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს და თუ არ იმოქმედებს, „ქართული ოცნება“ შექმნის ურყევ მტკიცებულებას, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს და ღიად ატარებს პრორუსულ კურსს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა თქვა, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონით შეზღუდულია პირთა წრე, რომელსაც შეუძლია პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვოს. ეს შეუძლიათ პრეზიდენტს, მთავრობას და საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა სულ მცირე 30-წევრიან ჯგუფს.

საქართველოს კონსტიტუციით, „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG