Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში პატიმრობა შეუფარდეს ინალ ჯაბიევის სიკვდილის გამო ეჭვმიტანილ მილიციელებს


ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანამდე 28 აგვისტოს გარდაცვლილი ინალ ჯაბიევი 31 აგვისტოს დაკრძალეს
ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანამდე 28 აგვისტოს გარდაცვლილი ინალ ჯაბიევი 31 აგვისტოს დაკრძალეს

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ინალ ჯაბიევის სიკვდილის გამო ეჭვმიტანილ 7 პირს. მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის სისხლის სამართლოს კოდექსის იმ მუხლით, რომელიც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

შვიდივე ეჭვმიტანილი დე ფაქტო შსს-ს თანამშრომელია. მათ შორის არიან „კრიმინალური მილიციის სამძებრო განყოფილების“ უფროსი ირბეგ სლანოვი და „ტერორიზმის და ექსტრემიზმის განყოფილების“ უფროსი ანდრეი ჯიოევი.

სააგენტო „რესი“დე ფაქტო გენერალური პროკურატურის გამომძიებელ ედუარდ თანდელოვზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილთა სია შესაძლოა გაიზარდოს, ან შემცირდეს. თანდელოვის ინფორმაციით, თავდაპირველად 8 ეჭვმიტანილი ჰყავდათ, თუმცა, გამოძიების წინასწარ ეტაპზევე ერთის ბრალეულობა გამოირიცხა.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს-თა მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევის სიკვდილი სავარაუდოდ, გამოიწვია მილიციელების მიერ მისმა წამებამ და ცემამ. ამ ინფორმაციის და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვის და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ჯაგაევის გადადგომის მოთხოვნით. 31 აგვისტოს, ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრაც სცადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG