Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 000 ლარით იზრდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსება


დღეიდან, 1 სექტემბრიდან, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა პაციენტისთვის 8000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თანახმად, ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებები. თამარ გაბუნიას თქმით, ამ ცვლილებით ისარგებლებს ონკოლოგიის პროგრამაში ჩართული 38 000-ზე მეტი პაციენტი.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეები, ნაცვლად 12 000 ლარისა, მიიღებენ 20 000 ლარის ღირებულების სერვისს. ამ ჯგუფში, კერძოდ, შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ.

ასაკობრივი პაკეტით მოსარგებლეებისთვის კი, ნაცვლად 15 000 ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი იქნება. ამ ჯგუფში შესაბამისად შედიან 0-5 წლის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები.

„დღევანდელი ცვლილებით 8 000 ლარი ემატება ორივე პაკეტს. ანუ თანხის მოცულობა იზრდება ერთ შემთხვევაში 20 000 ლარამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში - 23 000 ლარამდე“, - განმარტა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ქიმიო-, ჰორმონო- და სხივურ თერაპიას ემატება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სამი ჯგუფი: მონოკლონარული ანტისხეულები, პროტეინკინაზას ინჰიბიტორები და ბისფოსფონატები, რომლებიც დღემდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია სულ 21 დასახელების ახალ მედიკამენტებზე.

„ანაზღაურებული თანხის ოდენობის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფო დაფარავს პაციენტის თანაგადახდის წილს, ამდენად, პაციენტისთვის ონკოლოგიური დაავადების ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპია, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები იქნება სრულიად უფასო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, სერვისების მისაღებად პაციენტებს არ მოუწევთ ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გავლა იმისთვის, რათა ჰქონდეთ სრული დაფინანსება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG