Accessibility links

ანრი ოხანაშვილი: "პატრიოტთა ალიანსთან" თანამშრომლობა ჩვენთვის წითელი ხაზია


ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობას არ აპირებს და არ სჭირდება ისეთი ჯგუფი, რომელიც სათანადოდ ვერ იცავს ქვეყნის ინტერესებს:

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენ „პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ თანმიმდევრულნიმ რომ „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ისეთი ინტერესის მატარებელი ჯგუფი, რომელიც არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მან კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ „პატრიოტთა ალიანსით“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა. ანრი ოხანაშვილი თქმით, საჭიროა, პასუხი 2 მთავარ კითხვას გაეცეს:

„მე მივესალმები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლევის დაწყებას იმ დაფინანსებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტი მათი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ საკითხებს უნდა გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. მან განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, გიორგი ლომიასგან სხდომაზე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ელოდა და არა „იერიშს“ კოლეგებზე.

რუსული ინტერნეტგამოცემა "დოსიეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნოდ რჩევებსა და ფულს კრემლისგან იღებდა. გამოცემა ასახელებს თანხასაც. გამოცემის ცნობით, პარტია მოსკოვისგან 8 მილიონ დოლარს ითხოვდა 2020 წლის არჩევნების დასაფინანსებლად.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარტია მართლაც სარგებლობს რუსული საკონსულტაციო კომპანიის სერვისით, ხოლო ფულადი დახმარების რუსეთიდან მიღებას კატეგორიულად უარყოფს.

"დოსიე", ასევე, წერდა იმ თემებზე, რისი გამოყენებაც რუსულმა საკონსულტაციო კომპანიამ "პატრიოტთა ალიანსს" ურჩია: ამომრჩევლების დაპირისპირების გაღვივება, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ორიენტირება.

"პატრიოტთა ალიანსი" კრიტიკის ობიექტი გახდა 29 აგვისტოს ბათუმში გამოკრული საარჩევნო ბანერის გამოც.

ოპოზიციური პარტიები "პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG