Accessibility links

თბილისის მერმა ტრანსპორტში პირბადეების ტარების კონტროლის გამკაცრების დავალება გასცა


კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით დაწესებული რეკომენდაციის, კერძოდ, მგზავრთა მიერ პირბადეების ტარების, შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს:

„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვის 38-ით გაზრდის საკითხზე საუბრისას კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, კვლავ დისტანციურად ამუშაონ ის ადამიანები, რომელთაც ეს შეუძლიათ. მანვე მერიის სამსახურის თანამშრომლებს შენობებში პირბადეების ტარების რეკომენდაციის დაცვა მოსთხოვა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 2 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1270, ხოლო გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG