Accessibility links

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 12-მდე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო უცნობია


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექცია ცირკულირებს. როგორც მან განმარტა, ამის მაჩვენებელია ინფიცირების ახალი, 38 შემთხვევა. გარდა ამისა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ დაახლოებით, 12-მდე შემთხვევაა, სადაც უცნობია ინფიცირების პირველწყარო.

ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აუცილებლად დაიცვან ჯანდაცვის სექტორის ყველა რეკომენდაცია. „ჩვენ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია. შევიქმენით ეს ილუზია, მაგრამ არ დაგვიმარცხებია. ჩვენ მარტო კორონავირუსულ ინფექციას ვერ დავამარცხებთ, ის უნდა დაამარცხოს მთელმა მსოფლიომ და მათთან ერთად ჩვენც“, - თქვა გამყრელიძემ.

ცენტრის ხელმძღვანელი დღეს, 2 სექტემბერს გამოვლენილი 38 შემთხვევის წყაროებზეც ლაპარაკობს. მისი ინფორმაციით, 22 ადამიანი წარმოადგენს ე.წ. დონას კლასტერს, შვიდს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, ოთხი არის იმპორტირებული შემთხვევა და ხუთი ადამიანის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1548 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1270 და გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG