Accessibility links

საქართველოს რაგბის კავშირი უცხოელ მწვრთნელებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს


საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად უარყო ორიოდ დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატ უცხოელ სპეციალისტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ქართული რაგბის მმართველმა ორგანომ განცხადება გამოაქვეყნა და ამით პასუხი გასცა რამდენიმე დაუზუსტებელ წყაროს, მათ შორის ბრიტანულ სარაგბო გამოცემა „რაქს“ (ruck.co.uk), რომელმაც 1 სექტემბერს დაწერა, რომ ბორჯღალოსნების მომავა თავკაცად ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყოფილი წევრი, უნარების მწვრთნელი რორი ტიგი ინიშნება.

„ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილებები არ იგეგმება“, - წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.

ბორჯღალოსნების ბოლო უცხოელი დამრიგებელი მილტონ ჰეიგი იყო. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა საქართველოში ცხრა წელი გაატარა და ნაკრები მსოფლიოს თასზე სამჯერ გაიყვანა (2011, 2015 და 2019 წლებში). მისი წასვლის შემდეგ კი გუნდს სათავეში ლევან მაისაშვილი უდგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG