Accessibility links

მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სრულად უჭერს მხარს ბელარუსის დამოუკიდებლობას


ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, მინსკში დამოუკიდებლობის სასახლეში მიიღო რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი სრულად უჭერს მხარს ბელარუსის სუვერენიტეტს.

სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, საუბრის დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ბელარუსს უწოდა რუსეთის მშობლიური ქვეყანა და განაცხადა, რომ საქმე ეხება არ მხოლოდ ორი ქვეყნის ისტორიულ, ენობრივ და სულიერ კავშირებს, „არამედ ასობით, ათასობით და მილიონობით მოქალაქეს, რომლებიც ფაქტობრივად ერთ ერს წარმოადგენს“.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მინსკში ვიზიტის ფონია მზარდი საერთაშორისო ზეწოლა ბელარუსის რეჟიმზე. წინა დღით ვაშინგტონიდან ლუკაშენკას რეჟიმს კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეწყვიტოს რეპრესიები და საშუალება მისცეს მოქალაქეებს აირჩიონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.

2 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ აშშ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან განიხილავს სერიოზული სანქციების დაწესების თემას მათ მიმართ, ვინც ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევასთან არის დაკავშირებული.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80 %-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, მისმა მთავარმა მეტოქემ კი, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, დაახლოებით, 10 % მიიღო.

ციხანოუსკაიამ და მისმა მომხრეებმა არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარეს. ოპოზიციის შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე განაცხადეს, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70 %-ით.

9 აგვისტოდან ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

9, 10 და 11 აგვისტოს ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენა და რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავა.

არეულობის შეეგად დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, ხოლო 10 დაკარგულად ითვლება.

საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ბელარუსის რეჟიმმა საპატიმროებიდან გაათავისუფლა გამოსვლების პირველ დღეებში დაკავებულები.

თუმცა საპროტესტო აქციებში მონაწილეთა დაშინება და დაპატიმრება კვლავ გრძელდება. 1 სექტემბერს მილიციის „ომონმა“ მინსკში დააკავა 120 დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG