Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები საქართველოს შესახებ გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ


სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.

განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი განაგრძობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში სამხედრო ძალების შენარჩუნებით. განცხადების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის მდგომარეობაზე, მათ შორის კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ფონზე.

„კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ფონზე და გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აფხაზეთსა და ცხინვალში / სამხრეთ ოსეთში განაგრძობენ უკანონო ქმედებებს. ეს მოიცავს მიმდინარე "ბორდერიზაციას", უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს (ზოგი მათგანი ლეტალური შედეგით), გადაადგილების თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებს (ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო ევაკუაციის დროსაც კი უარის თქმა). ამ რეგიონებში მუდმივად ირღვევა ეთნიკური ქართველების უფლებები (განსაკუთრებით მუდმივი ბინადრობის უფლებები, მშობლიურ ენაზე სწავლის, საკუთრების უფლება),“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები იზიარებენ გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დევნილებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ნებაყოფლობით, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეიმჩნევა.

განცხადების ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არც ერთ საერთაშორისო მექანიზმს არ აქვს შეუფერხებელი წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე:

„მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებების მექანიზმების დაუყოვნებლივ წვდომას რეგიონებში,“- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ რუსეთი, ასევე ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები კვლავ უარს ამბობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის განხილვაზე. განცხადებაში აღნიშნულია ასევე ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა. ხელმომწერები პოზიტიურად აფასებენ ერგნეთის მექანიზმის განახლების ფაქტს და ხაზს უსვამენ გალის შეხვედრების განახლების აუცილებლობას.

განცხადებას ხელს აწერენ ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნები: დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ასევე, განცხადებას უერთდებიან ბულგარეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ნიდერლანდი.

84 ხმით, 13-ის წინააღმდეგ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 74-ე სესიის ფარგლებში მიიღო მორიგი რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2008 წლიდან წარადგენს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზგასმით აღნიშნავს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუციის ოფიციალური სახელწოდებაა: „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტის წინააღმდეგ რუსეთის გარდა ხმა მისცა 12-მა ქვეყანამ, 78-მა კი თავი შეიკავა. 17 ქვეყნის წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG