Accessibility links

ბელარუსში გაიმართება ექვსი ჟურნალისტის სასამართლო პროცესი


მინსკში 4 სექტემბერს გაიმართება სასამართლო პროცესი იმ ექვსი ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც მილიციამ 1 სექტემბერს დააკავა სტუდენტთა აქციის გაშუქებისათვის.

ხელისუფლება არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობას ედავება საინტერნეტო პორტალ TUT.BY-ის, „ბელარუსის კომსომოლსკაია პრავდისა“ და БелаПАН-ის ჟურნალისტებს.

ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელით ჟურნალისტებს ნადეჟდა კალინინას, ალექსეი სუდნიკოვს, სერგეი შჩეგოლევს, ნიკიტა დუბელეკოს, მარია ელეშევიჩსა და ანდრეი შავლიუგოს.

მათი გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტები და აქტივისტები მინსკის სასამართლოსთან სოლიდარობის აქციას მართავენ.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ ხელისუფლებისგან მოითხოვა ჟურნალისტების სასწრაფოდ გათავისუფლება.

„ეს არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მანამდე ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყანა დაატოვებინა ათობით ჟურნალისტსა და ბლოგერს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პირადად გასცა ჟურნალისტების გაძევების ბრძანება.

9 აგვისტოს შემდეგ ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომლები, მილიციამ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისათვის დააკავა და ფიზიკურადაც გაუსწორდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG