Accessibility links

ნატო ნავალნის მოწამვლის გამო საგანგებო სესიას მართავს


ნატოს სამხედრო ალიანსი 4 სექტემბერს მართავს საგანგებო შეხვედრას ელჩების დონეზე, რომელზეც იმსჯელებენ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, „ნოვიჩოკის“ ჯგუფში შემავალი სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით მოწამვლის საკითხზე.

შეხვედრის შემდეგ პრესისათვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს იენს სტოლტენბერგი.

მოსალოდნელია, რომ 30-წევრიანი დასავლეთის სამხედრო ალიანსი მოუწოდებს რუსეთს საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ.

მანამდე ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა და გააფრთხილა რუსეთი შესაძლო შედეგების შესახებ.

„ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში ყოვლად გაუმართლებელია და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სტანდარტების სერიოზულ ხელყოფას. ევროკავშირი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი რეაგირებისკენ და იტოვებს უფლებას, რომ მიმართოს შესაბამის ქმედებებს, მათ შორის, შემზღუდავ ზომებს“, - ნათქვამია ევროკავშირის 3 სექტემბრის განცხადებაში.

გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ და რუსეთში განვითარებულ, „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება. რუსეთი უარყოფს ნავალნის მოწამვლას ქიმიური იარაღის ელემენტით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთის დადანაშაულების საფუძველი და ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი არ მიიჩნევს საჭიროდ რაიმე განცხადების გაკეთებას.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა.

კომაში მყოფი რუსი პოლიტიკოსი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG