Accessibility links

NDI საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. NDI-საქართველოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამის მიზეზი კორონავირუსის გლობალური პანდემიაა:

„საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით, NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ მისი არჩევნების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველოსა და მის გარეთ მყოფ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით - საკმარისი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმირებული დასკვნების გამოსატანად:

„NDI კვლავაც მზად არის, რომ დააკვირდეს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს არჩევნების პროცესის სანდოობასთან, გამჭვირვალობასთან და წარმომადგენლობითობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, NDI გეგმავს, ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები და დაეყრდნობა ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს, ასევე ტრადიციულად მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 31 აგვისტოს ხელმოწერილი ამავე განკარგულებით დაინიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო NDI-ის და IRI-ის დამკვირვებლები შესაძლოა, არჩევნებზე არ ჩამოსულიყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG