Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოსა და სერბეთის ლიდერები განსხვავებულად აფასებენ თეთრ სახლში მოლაპარაკების პირველი დღის შედეგს


კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ავდულა ჰოტიმ განაცხადა, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმების მიღწევის მიმართულებით 3 სექტემბერს „ერთი დიდი ნაბიჯი“ გადაიდგა თეთრ სახლში ალექსანდარ ვუჩიჩსა და მას შორის გამართული შეხვედრის დროს.

ბალკანეთის ორი ქვეყნის ლიდერებს შორის 3-4 სექტემბერს გამართული მოლაპარაკების მთავარი თემაა სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები.

მაგრამ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მწვავე კამათი გამოიწვია ბელგრადის მიერ მისი ყოფილი ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხმა, რაც გაუგებარს ხდის, თუ რით დასრულდება მოლაპარაკების მეორე დღე.

სერბეთის პრეზიდენტმა გაილაშქრა მოლაპარაკების დროს შემოთავაზებული იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც შეიცავდა „კოსოვოს აღიარების მუხლს“.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ უნდა იყოს ეკონომიკური ნორმალიზების შესახებ დოკუმენტში, რასაც ვერ დავეთანხმებით. ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გულწრფელად მოისმინეს ჩვენი მოსაზრება და მჯერა, რომ სხვა დოკუმენტებში ეს მუხლი აღარ იქნება შეტანილი“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ კოსოვოს მიზანს წარმოადგენს „ორმხრივი აღიარება“ და დასძინა, რომ „თეთრ სახლში არასოდეს მომზადებულა და არც მომავალში მომზადდება ისეთი დოკუმენტი, რომელიც მიუღებელი და საზიანო იქნება კოსოვოსთვის“.

კოსოვომ, სერბეთის ყოფილმა ოლქმა, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც ბელგრადი არ ცნობს.

კოსოვოც და სერბეთიც, რომლებიც ევროკავშირში შესვლისკენ მიისწრაფვიან, აწყდებიან დასავლეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას მოლაპარაკებების განახლების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG