Accessibility links

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ოთხი არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვეს


პროკურორი ნანა გუგუტიშვილი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში განიხილეს 23 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ოთხი არასრულწლოვნისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი.

როგორც პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ოთხივე მათგანი კვლავ პატიმრობაში დარჩა. ის ამბობს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები გაიზიარა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სასამართლომ იმსჯელა კანონთან კონფლიქტში მყოფი ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებულ პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები, რომ ოთხივე არასრულწლოვანი კვლავ უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც მომდინარეობს აღნიშნული პირების მხრიდან. რასაც თავის დროზე ბრალდების მხარე ასაბუთებდა სასამართლოში და აღნიშნული გარემოებები და საფრთხეები ისევ სახეზეა იგივე მოცულობით. შესაბამისად, ოთხივე პირი კვლავ პატიმრობაში დარჩა“, - თქვა ბრალმდებელმა.

სასამართლო პროცესზე, ასევე დაკითხეს ოთხი მოწმე, მათ შორის იყვნენ გამომძიებლები და სალომე ჭკადუა, რომელიც ნარეკვავში გამართულ წვეულებზე იყო.

ადვოკატი არჩილ ბერიანიძე ამბობს, რომ ჭკადუა არის აგარაკზე მომხდარი პირველი შელაპარაკების მოწმე. ბერიანიძის თქმით, მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. „სალომე ჭკადუამ დაინახა, როგორი ნაცემი იყო ვახტანგ ჩიქოვანი და . ნ.ხ. მან, ასევე, ნახა რა დაზიანებები ჰქონდათ მათ მიყენებული, რაც რეალურად ხელს უშლიდათ გადაადგილებაში და ასევე ნახა ჭრილობები, რომლებიც იყო საკმაოდ სერიოზულად განვითარებული მათ სხეულზე. დადასტურებულად თქვა შემდეგ გარემოებაზე, რომ აგარაკზე ვახტანგ ჩიქოვანს მიაყენეს დაზიანება და ნ.ხ.-ს, რომლებსაც რამდენიმე პირი უსწორდებოდა. ამის შემდეგ, სიტუაციის განმუნხტვისთვის, იმისთვის, რომ დაძაბულობა მეტად არ ყოფილიყო, არ დაძაბულიყო სხვებთან ვითარება, მან დაადასტურა, რომ ვახტანგ ჩიქოვანი განერიდა სიტუაციას“, - თქვა არჩილ ბერიანიძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად არის დაყოფილი და ჯამში 17 პირია ბრალდებული. ცალ-ცალკეა გაყოფილი სრულწლოვნებისა და არასრულწლოვნების საქმეები, რომლებსაც ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობის ორგანიზება და ძალადობაში მონაწილეობა. ცალკე საქმედ არის გამოყოფილი განზრახ მკვლელობის ეპიზოდი, რომელშიც ორი არასრულწლოვანი ფიგურირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG