Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, აშშ „ძალიან ყურადღებით“ მოეკიდება ნავალნის შესაძლო მოწამვლას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არა აქვს მიზეზი, ეჭვი შეიტანოს გერმანიის მთავრობის დასკვნებში, რომ რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლეს შხამით, რომელიც ჰგავს რუსული წარმოების საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერება „ნოვიჩოკს“. ამის შესახებ მან ვაშინგტონში განაცხადა პრესკონფერენციაზე.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონს ბერლინისგან ჯერ არ მიუღია ნავალნის მოწამვლის შესახებ დოკუმენტები. მათ უახლოეს დღეებში მიიღებენ და გულდასმით შეისწავლიან. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ „ძალიან ყურადღებით“ მოეკიდება რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო მოწამვლას.

პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიძახა ვაშინგტონში აშშ-ის ელჩი ანატოლი ანტონოვი. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგენმა განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული ნავალნის გარშემო ვითარებით. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამია, ბიგენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება - რასაც წარმოადგენს „ნოვიჩოკი“ - მოსკოვის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევა იქნებოდა.

გუშინ რუსეთს მიმართეს ნატოს წევრმა ქვეყნებმა. მათ მოსკოვს მოუწოდეს, „ნოვიჩოკზე“ მუშაობის პროგრამაზე წვდომა მისცეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. რუსეთი მონაწილეა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა, რომლის თანახმად, საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების ყოველგვარი მარაგი დიდი ხნის წინ უნდა იყოს განადგურებული, მათი წარმოება კი მკაცრად არის აკრძალული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG