Accessibility links

მინსკში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა


დღეს მინსკში ათასობით ადამიანმა გაიარა ქალაქის ცენტრში. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვენ.

ხალხის რამდენიმე კოლონამ ქალაქის ქუჩებით გაიარა და ცენტრისკენ გაემართა. ბევრ მათგანს ეჭირა ბელარუსის არაოფიციალური თეთრ-წითელ-თეთრი დროშა, რომელიც ლუკაშენკას წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოს წარმოადგენს. „გაუმარჯოს ბელარუსს!“, „სირცხვილია!“ - ამ და სხვა ლოზუნგებს გაიძახდნენ აქციის მონაწილეები.

დემონსტრაციის დაწყებამდე მილიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა მავთულხლართები შემოავლეს რამდენიმე სამთავრობო შენობას და მონუმენტს მინსკის ცენტრში. მეტროს რამდენიმე სადგურის მახლობლად განთავსებული იყო „ომონის“ ნაწილები.

ათობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის, გროდნოსა და გომელშიც, სადაც ასევე გაიმართა საპროტესტო აქციები.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მასობრივი აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიცალური შედეგების წინააღმდეგ. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მეექვსედ გაიმარჯვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს. ბევრი მათგანი მოგვიანებით ჰყვებოდა წინასწარი დაკავების ადგილებში თავიანთ წამებასა და დამცირებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG