Accessibility links

გიორგი გახარია: „ღირსეული პარტნიორობა 2020“ საქართველოს მშვიდობის გარანტია"


7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2020“.

"ღირსეული პარტნიორი 2020“ არის ღირსეული გაგრძელება ამ წვრთნების ციკლისა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მზაობის და მათი თავსებადობისა ჩვენს პარტნიორებთან“, - ასე მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაზიანში შეკრებილ სამხედროებს.

პრემიერის განცხადებით, ეს სწავლება არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის ნათელი მაგალითი.

„როდესაც აქ ვხედავ 2800-მდე ჯარისკაცს და წარმომიდგენია, როგორი ეფექტური იქნება მათი ერთობლივი წვრთნები, მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში, აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს. ყველას კარგად გვესმის, რომ ის ცოდნა, რასაც მიიღებენ ჩვენი ჯარისკაცები ამ სწავლების დროს, გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ“.

გიორგი გახარიას სიტყვებით, წვრთნა არის საქართველოს ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის დახმარებითაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამისათვის კი, საჭიროა, გაუმჯობესდეს ჯარის მდგომარეობა, აღჭურვილობა და მათი კეთილდღეობა.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი წვრთნები ჩვენი ქვეყნის მშვიდობის გარანტია. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს წვრთნები მიმართულია საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდისაკენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

სწავლების ოფიციალური გახსნისთვის საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად უკვე ჩამოვიდა მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა, ხოლო საზღვაო გზით ფოთის პორტში ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი „Ocean Freedom“ აშშ-დან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით შემოვიდა. სამხედრო ტექნიკის კონვოი რომელზეც პარტნიორობის ნიშნად სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელწმიფო დროშები იყო დამაგრებული, სწავლების თეატრის - ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა.

სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

სწავლება 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG