Accessibility links

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს „ვარშავასა და ბერლინს შორის სატელეფონო საუბრის“ ავთენტურობას


პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ბელარუსის ხელისუფლების ცნობა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ ვარშავასა და ბერლინში ორ აბონენტს შორის ვითომ სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის სააგენტო „ტასის“ შეკითხვის პასუხად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იღებს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის და გერმანიის მთავრობის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნავალნი მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სამხედრო დანიშნულების მომწამვლელი ნივთიერებით, გმობს ამ „სამარცხვინო ქმედებას“ და გამოდის მოწოდებით, ნავალნის თავდასხმაში დამნაშავეები მისცენ პასუხისგებაში.


გასულ კვირას ბელარუსის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელზეც ორი პირი, რომლებიც ერთმანეთს ნიკს და მაიკს უწოდებდნენ, ლაპარაკობენ ნავალნიზე.

საუბრიდან ჩანს, რომ ნავალნის მოწამვლა ვითომ ფალსიფიცირებულია, რათა ზეწოლა მოხდეს რუსეთზე და აიძულონ ის, უარი თქვას ბელარუსის საქმეებში ჩარევაზე.

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ამტკიცებდა, რომ მოხდა ბერლინსა და ვარშავას შორის საუბრის „გადატაცება“.

ცნობას რუსეთში საუბრის ვითომ „გადატაცების“ თაობაზე უნდობლობით შეხვდნენ არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ კრემლის მომხრეებიც. ნავალნის მიმდევრებმა ის ღრმა ფალსიფიკაციად შეაფასეს, ხოლო სოციალურ ქსელებში მას დასცინოდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა არ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ჩანაწერს სპეცსამსახური სწავლობს.

პოლონეთი ევროკავშირის იმ ქვეყანათა შორისაა, რომლებიც ბელარუსის პოლიტიკურ კრიზისზე უფრო აქტიური რეაგირებისა და ოპოზიციისთვის მეტი მხარდაჭერისკენ მოწოდებით გამოდიან.

9 სექტემბერს დაგეგმილია პოლონეთის მთავრობის მეთაურის, მატეუშ მორავეცკის შეხვედრა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან, სვიატლანა ციხანოუსკაისთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG