Accessibility links

გიორგი ლომია მიიჩნევს, რომ „დევნილობაში“აღმოჩნდება ხატი, თუ ენგურის ხიდს გადმოკვეთს


"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ლომია ამბობს, რომ ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტზე დატოვებული ხატი დევნილობაში აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვა:

„რაც შეეხება იმას, რომ ხატი უკვე სამი დღეა გამყოფ ხაზზე იმყოფება, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ის, რომ თუ ხატი იქნება დაბრუნებული, ამ ხატს დაერქმევა დევნილობის, ანუ დევნილობაში იქნება ეს ხატი და აუცილებლად ოდესმე დაბრუნდება ისევ ილორის მონასტერში და ხატთან ერთად დაბრუნდებიან დევნილებიც“, - განაცხადა გიორგი ლომიამ ილორის ეკლესიისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ნაჩუქარი ხატის აფხაზური მხარის მიერ უკან დაბრუნების საკითხის კომენტირებისას.

ღვთისმშობლის ხატი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ილორის ტაძარს აჩუქეს, უკვე გადმოტანილია მდინარე ენგურზე მდებარე საოკუპაციო ხაზთან.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციის - „არუაას“ მომხრემ, ნაირა ამალიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 27 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმაც, ისინი უარს ამბობდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ ილორის ტაძრისთვის გადაცემული ხატის მიღებაზე და აპირებდნენ მის უკან დაბრუნებას.

მათი არგუმენტით, მისია აფხაზეთის არაღიარებულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეუთანხმებლად განხორციელდა, „მსგავსი აქციები მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებამდე“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

ირმა ინაშვილის მიერ ილორის ტაძრისთვის ხატის გადაცემას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში წინააღმდეგობა და ვნებათაღელბა მოჰყვა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების აფხაზეთში სტუმრობამ შეიწირა მათი მასპინძლის, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, ლაშა საკანიას თანამდებობა. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრებმა საკანია თითქმის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. თანამდებობის დატოვებამდე, 26 აგვისტოს, ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემის მიზნით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, 20 აგვისტოს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. 24 აგვისტოს კი, პრესკონფერენციაზე, თავად ირმა ინაშვილმაც დაადასტურა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან, გიორგი ლომიასთან ერთად. „დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა.

ოდნავ მოგვიანებით მან თავის ფეისბუკის გვერდზე ილორის ტაძარში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ასევე ნახეთ: აფხაზური მედია: ბჟანიას თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მზადაა

ალხას კვიცინია უარყოფს რომ ბჟანიამ აფხაზეთში ინაშვილის ჩასვლას შეცდომა უწოდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG