Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8-დღიან საკარანტინო ვადას ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეები დაექვემდებარებიან


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დააზუსტა საკარანტინო ვადის შემცირების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება.

როგორც გამყრელიძე ამბობს, 8-დღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეები დაექვემდებარებიან და „არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები" [მათთვის შენარჩუნებულია 12-დღიანი საკარანტინო ვადა]. მე-8 დღეს მათ კორონავირუსზე ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ისინი დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდებიან. განმეორებითი ტესტირება მათ მე-12 დღეს ჩაუტარებენ.

8 დღემდე შემცირდა, ასევე ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლის შემთხვევებში დაწესებული თვითიზოლაციის ვადა. მათაც ანალოგიურ ვადაში ჩაუტარებენ PCR-ტესტირებას.

როგორც გამყრელიძე ამბობს, სასურველია, მე-8 დღიდან მე-12 დღემდე ადამიანს ჰქონდეს ნაკლები კონტაქტი საზოგადოებასთან, თუ რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის.

ახალი რეგულაცია 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG