Accessibility links

ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა


დომინიკ რააბი

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი გამოიძახა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

„დღეს გაერთიანებულმა სამეფომ გამოიძახა რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, რათა გამოეხატა ღრმა შეშფოთება ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. სრულიად მიუღებელია, რომ გამოყენებული იქნა აკრძალული ქიმიური იარაღი და რუსეთმა უნდა ჩაატაროს სრული , გამჭვირვალე გამოძიება“, - წერს დომინიკ რააბი. იგი სოციალურ ქსელში შეეხო ასევე ალექსეი ნავალნის კომიდან გამოყვანის საკითხს და წერს, რომ იმედი აქვს, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

თავის მხრივ, რია ნოვოსტის თანახმად, რუსეთის ელჩმა ბრიტანეთში ანდრეი კელინმა რუსეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების დაუშვებლობის შესახებ განაცხადა. ბრიტანეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ინციდენტთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დადგენით.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოდან, 19 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 22 აგვისტოს ოპოზიციონერი ომსკიდან სამკურნალოდ გადაიყვანეს ბერლინის Charite კლინიკაში. ორშაბათს, 7 სექტემბერს, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ ნავალნი კომიდან გამოიყვანეს.

გასულ კვირაში გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავალნის სხეულში აღმოაჩინეს ნოვიჩოკის ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერების კვალი. მანამდე რუსი ექიმები პაციენტის სხეულში შხამის კვალს ვერ პოულობდნენ.

რუსეთში ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება ჯერ არ დაწყებულა - გამოცხადებულია მხოლოდ შემოწმება. მოსკოვმა განაცხადა, რომ მზადაა გამოძიება ერთობლივად გერმანიასთან ერთად ჩაატაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG