Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკოორდინაციო საბჭო: დაიცავით რეკომენდაციები, რათა არ დაგვჭირდეს დამატებითი რეგულაციები


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარონ პირბადე", - აცხადებს მთავრობა.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის, 45 ახალი შემთხვევის გამოვლენის გამო, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალური ტენდენციაა და გამონაკლისი არც საქართველოა.

"ინფიცირების შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, მთავრობა სრულად მართავს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებას", - აცხადებს მთავრობა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1729 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1321 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 390.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG