Accessibility links

site logo site logo

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულები ჩივიან სასმელი წყლის გამო


კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჩივილს სასმელი წყლის, სხვა საყოფაცხოვრებო პირობებისა და ასევე დეზინფექციის თაობაზე არ უარყოფს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გიორგი კიკაბიძე.

„შეფერხებები არის საყოფაცხოვრებო პირობებშიც და შეიძლება სადეზინფექციო მიმართულებითაც, იმიტომ რომ ბევრი პაციენტი მოდის. ამდენ ნაკადს არ ველოდით ერთდროულად“, - თქვა კიკაბიძემ. მისი ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 3 სართულზე 104 პაციენტია განთავსებული, ხუთი კი ცხელების ცენტრშია. საავადმყოფოს სულ 170 პაციენტის მიღება შეუძლია. ამ დროისთვის 109 პაციენტი მკურნალობს.

„ვიცი, რომ პრეტენზიები აქვთ პაციენტებს. მანამდე გვყავდა 22 პაციენტი და დღეში ერთი ან ორი შემოგვდიოდა. ამას არ ველოდებოდით - ახლა ძალიან დიდია ნაკადი შემოსულების და არ უარვყოფთ - ხარვეზები არის. მაგრამ გამოვასწორებთ ყველაფერს. გვქონდა შეკრება, სადაც დაისახა გეგმა, რომ უახლოეს ხანში გამოსწორდეს ეს პრობლემები. მაგრამ ონკანში რომ მღვრიე წყალი მოდის, ეს კლინიკის ბრალი არაა... პრეტენზიები ქალაქის წყალკანალს ეხება“, - ამბობს გიორგი კიკაბიძე. მისივე თქმით, პაციენტებს წყალი ჭიქებით მიეწოდება ყველა სართულზე განთავსებული წყლის აპარატებიდან, რაც დროს მოითხოვს. ამიტომ დღეს გადაწყვიტეს წყლის შეძენა ბოთლებით.

დღეს, 8 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსის გამოვლენილი 21 შემთხვევიდან 3 ინფიცირებული ე.წ. „ხოფის“ ბაზრობაზე დასაქმებულია. 2-ის წყარო უცნობია. დანარჩენი შემთხვევები კი უკვე დადასტურებული ინფიცირებულების კონტაქტებია. მათი ნაწილი საკარანტინო სივრცეში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა, რაც ამ დროისათვის დღიური რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად ითვლებოდა 2 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 38 იყო.

დაავადებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG