Accessibility links

კორონავირუსის ვაქცინის შექმნა აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის ცხარე დისკუსიის თემა გახდა


მცირე ზომის პლასტირი, მიკროსკოპული ხსნადი ნემსებით - კოვიდ-19-ის შესაძლო ვაქცინა. პიტსბურგის უნივერსიტეტი, აშშ-ის პენსილვანიის შტატი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა 3 ნოემბრის არჩევნებზე, დონალდ ტრამპმა, ბრალად დასდო დემოკრატიულ პარტიას უდიერი მოპყრობა მისი სიტყვების მიმართ - რომ ვაქცინა შეიძლება მიმოქცევაში წავიდეს არჩევნებამდე.

დემოკრატიული პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატის, კამალა ჰარისის კრიტიკის პასუხად, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ჰარისმა მხარი დაუჭირა „უგუნურ რიტორიკას“ პოლიტიკური მიზნებით.

თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ „რასაც ისინი ამბობენ, შემაშფოთებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება“.

ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაქცინა აშშ-ს უკვე შეიძლება ჰქონდეს მომავალ თვეში. მაგრამ არაა ცხადი, დაადასტურებენ თუ არა მისი ავტორები ოქტომბერში, რომ ის უსაფრთხო და ქმედითი პრეპარატია.

კამალა ჰარისმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ, მისი აზრით, დონალდ ტრამპის სიტყვები ვაქცინის შესახებ ნდობას არ იმსახურებს. CNN-ს მან უთხრა, რომ მკვლევრები ახლა იძულებული არიან, დადუმდნენ, რადგან ტრამპს სურს, კვლავ აირჩიონ.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია, რომ ამერიკელები ეჭვით იქნებიან განწყობილი ვაქცინის მიმართ, რადგან ტრამპი „საზოგადოებრივ ნდობას ძირს უთხრის“.

გასულ კვირაში აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნის პროცესში პოლიტიკურ ზეწოლას არ გრძნობს. მისი თქმით, ვაქცინის შემუშავება მიმდინარეობს ყველა პროცედურის დაცვით და პრეპარატი შეიძლება მზად იყოს 2021 წლის დასაწყისის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG