Accessibility links

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზეც პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.იგი სოფელ რუხში მდებარე ქართული საგუშაგოს წარმომადგენლებს შეხვდა და ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მინისტრი ეწვია ფახულანი-საბერიოს ე.წ. გადასასვლელსაც და განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზს, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზზე არსებულ ორსანტია-ოტობაიას, ხურჩა-ნაბაკევისა და შამგონა-თაგილონის ე.წ. გამშვებ პუნქტებს, რომლებიც რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეა ახვლედიანი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაახლოებით ერთი თვის წინ, 6 აგვისტოს დანიშნა.

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანმა შეცვალა ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG