Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ბარ Skygirls-ის მეხუთე თანამშრომელი


საპატრულო პოლიციამ ბარ Skygirls-ში მომხდარი დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში მეხუთე პირი დააკავა.

ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ლ.ც.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან
შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით, - აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაცია მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მოქალაქე ივიკო ფრუიძემ სოციალური ქსელ ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა. ინფორმაციაში იგი ბარ Skygirls-ს თაღლითობასა და ცემაში ადანაშაულებდა.

როგორც მოქალაქე აღნიშნავდა, მეგობრებთან ერთად შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად, ბარის თანამშრომელმა მათგან სრულიად განსხვავებული თანხის (981.60 ლარი) გადახდა მოითხოვა, ღიად გამოხატული პროტესტის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG