Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან იკრძალება ქორწილების, ქელეხებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა


დღეიდან, 10 სექტემბრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იკრძალება იუბილეების, ქორწილების, ქელეხებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ 9 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, სოციალური ღონისძიებები იკრძალება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, სოციალური ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს.

მიღებულია ასევე გადაწყვეტილება შეიზღუდოს კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით. დახურულ სივრცეში ეს შეზღუდვები აქამდეც არსებობდა, შეზღუდვა ამჯერად დახურულ სივრცესთან ერთად, ღია სივრცესაც შეეხება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთებული განმარტებების თანახმად, 200 კაციანი შეზღუდვა არ გავრცელდება საარჩევნო ღონისძიებებზე.

10 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1773-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1325, გარდაცვლილი-19 ადამიანი. გასული დღეების განმავლობაში კორონავურისის შემთხვევათა დღიური რაოდენობა 40-ს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG