Accessibility links

მარინა ეზუგბაიას თქმით, მეორე ტალღა შესაძლოა გრიპის სეზონთან თანხვედრაში დაიწყოს


.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ამ ეტაპზე არსებული მონაცემები არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა, მეორე ტალღა შესაძლოა გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსების გარცელების სეზონთან თანხვედრაში დაიწყოს.

„მეორე ტალღას ვამბობთ, როდესაც იქნება, ზამთრის სეზონი, მწვავე რესპირატორული ინფექციების, უშუალოდ გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის შუა რიცხვებიდან. როცა მოხდება თანხვედრა ამ სეზონური ინფექციების კოვიდ 19-თან, მოსალოდნელია მეორე ტალღაზე ლაპარაკი და ვილაპარაკოთ“,- განაცახდა მარინა ეზუგბაიამ.

ამ ეტაპზე, მისი განცხადებით, არის „მატება რაც დაკავშირებულია შიდა ტურიზმთან“, პირველი ასეთი შემთხვევები გამოვლინდა მესტიაში შემდეგ აჭარაში. მის განმარტებით ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს ძალიან დიდი ტვირთად არ დააწვება „ამას სამედიცინო სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება“.

„მთავარია შემთხვევათა რაოდენობა ასეულებში არ გადაიზარდოს, როგორმე არსებული მონაცემების შეკავება გვჭირდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ, ვინაიდან მისი სიტყვებით, ამჟამინდელი მონაცემები „დაავადების უფრო მეტად ვარცელების მანიშნებელია და ამიტომ ჩვენი თავდაცვა განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს“,- მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ყველამ უნდა შეასრულოს რეგულაციები - პირბადეების ტარება და დისტანცირება, მათ შორის დისტანცირება გარე პერიმეტრზე და საჭიროების შემთხვევაში გარე პერიმეტრზეც პირბადის ტარება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

თებერვლიდან მოყოლებული, ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე მაქსიმალურ მაჩვენებლად ითვლებოდა 8 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 45-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG