Accessibility links

გიორგი გახარია: ერთმა ქორწილმა ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა


გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 10 სექტემბრიდან რამდენიმე რეგულაციის გამკაცრების, კერძოდ იუბილეების, ქორწილებისა და ქელეხების გამართვის აკრძალვის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავადაა მიმართული. მისი თქმით, ერთმა ქორწილმა, მაგალითად, ქვეყანაში 5 დამატებითი კლასტერი შექმნა:

„საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახელებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი. ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, დღეიდან, 10 სექტემბრიდან ასევე იკრძალება ღია სივცეებში კლუბური საღამოების და 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვა. პრემიერ-მინისტრის თანახმად, შზღუდვები არ გავრცელდება საარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესზე.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომის გაშუქებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

თებერვლიდან მოყოლებული, ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე მაქსიმალურ მაჩვენებლად ითვლებოდა 8 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 45-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG