Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო აცხადებს, რომ ნავალნი დიდი ალბათობით „რუსეთის უმაღლესი პირების მითითებით“ მოწამლეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ „დიდია შანსი იმისა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირების მითითებით მომხდარიყოს“.

9 სექტემბრის რადიოინტერვიუში მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ-ი, ევროკავშირთან ერთად, ცდილობს, დაადგინოს ნალავნის თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები და კეთდება ყველაფერი, რათა „შემცირდეს ასეთი ეპიზოდის განმეორების შანსი“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს არ უთქვამს, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტ, დონლად ტრამპის, ადამინისტრაცია.

მაიკ პომპეომ „შავი ლაქა“ უწოდა დისიდენტებზე თავდასხმას და განაცხადა, რომ „ნორმალური ქვეყნები ასე არ იქცევიან“.

რუსი ოპოზიციონერი და ანტიკორუფციონერი ბლოგერი, ალექსეი ნავალნი, 20 აგვიტოს ტომსკიდან მოსკოვში გზად, თვითმფრინავში გახდა ცუდად და ომსკის საავადმყოფოში მოხვდა.

შემდგომ ის გადაიყვანეს ბერლინში, სადაც მისი მკურნალობა გრძელდება.

2 სექტემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბუნდესვერის ლაბორატორიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში ყოველგვარი ეჭვის გარეშე დადგინდა სსრკ-ში შექმნილი შხამის, „ნოვიჩოკის“ კვალი.

გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არა აქვს მიზეზი, ეჭვი შეიტანოს გერმანიის მთავრობის დასკვნებში, რომ რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლეს შხამით, რომელიც ჰგავს რუსული წარმოების საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერება „ნოვიჩოკს“.

7 სექტემბერს „შარიტეს“ ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი კომიდან გამოიყვანეს.

10 სექტემბერს "შპიგელში" გამოქვეყნდა ცნობა, რომ ნავალნის დაუბრუნდა მეტყველების უნარი და თავს უკეთ გრძნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG