Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ ახალ გენერალურ პროკურორს დაავალა, უფრო „მკაცრად გაუსწორდნენ“ საკოორდინაციო საბჭოს „აგიტატორებსა და აქტივისტებს“


ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 10 სექტემბერს პროკურატურის თანამშრომლებს წარუდგინა ქვეყნის ახალი გენერალური პროკურორი, ანდრეი შვედი, რომელსაც დაავალა, „უფრო მკაცრად გაუსწორდნენ“ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს „აგიტატორებსა“ და აქციების ორგანიზატორებს.

„შესაძლოა ვცდები, მაგრამ ვერ ვხედავ პროკურატურისგან ისეთ აქტიურობას, რომელიც შეესაბამება დღევანდელ პერიოდს. აქტიურობა მიმართული უნდა იყოს ქვეყნის შესანარჩუნებლად, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ქვეყანა ამ წელს უნდა დაუბრუნდეს უსაფრთხოების ისეთ პერიოდს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო და რომელიც ჩვენს ქვეყანას ახასიათებს. უბრალოდ, ბელარუსის იმიჯია“, - განაცხადა ლუკაშენკამ პროკურატურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 9 სექტემბერს მოაწერა ხელი გენერალური პროკურორის პოსტზე ანდრეი შვედის დანიშვნას. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე შვედი სასამართლო ექსპერტიზის სახელმწიფო კომიტეტს ედგა სათავეში.

„ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, ექსტრემიზმი და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა საფუძველშივე უნდა აღიკვეთოს“, - განაცხადა ბელარუსის ახალმა გენერალურმა პროკურორმა მისი წარდგინების დროს.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მასობრივი აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მეექვსედ გაიმარჯვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს.

ბელარუსში გრძელდება ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრების და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება. ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, მან დააკავა 633 დემონსტრანტი, როცა ათეულათასობით ადამიანი მონაწილეობდა მსვლელობაში 6 სექტემბერს მინსკსა და სხვა ქალაქებში.

9 სექტემბრეს ცნობილი გახდა, რომ დააპატიმრეს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი. მათ წინააღმდეგ საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია საქმე „ძალაუფლების ხელში ჩაგდების თაობაზე მოწოდებების“ მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG