Accessibility links

ცაგერის ორ სოფელში პოლიციის საკონტროლო პუნქტები მოეწყო


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID - 19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება.

როგორც შსს აცხადებს, პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

სამინისტრო აზუსტებს, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა დღეს, 10 სექტემბერს ილაპარაკა კორონავირუსის გამო ცაგერში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ. „საყურადღებოა ცაგერის მუნიციპალიტეტის კლასტერი, რომელიც დაკავშირებული იყო რამდენიმე დღის წინ დიდ საქორწილო ღონისძიებასთან, რომელიც ჩატარდა თბილისში და იქიდან დღეს გვაქვს თვითონ ცაგერში 12 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 5 ამ საბედნიერო სუფრის მონაწილე იყო და დანარჩენი მასთან კონტაქტები. ეს კლასტერი ცაგერს გარეთაც გავიდა და ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევები გვაქვს ქუთაისში და ზუგდიდში და ერთიანად ეს არის დაახლოებით 18 შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ამ სადღესასწაულო ღონისძიებას“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG