Accessibility links

ანტითურქული რეკლამის გამო თამარ ჟვანიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაჯარიმება მოითხოვა


არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" იურისტი ნინო რიჟამაძე „ფეისბუკზე“ წერს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა" „ფეისბუკზე“ ანტითურქული რეკლამების განთავსებით დაარღვია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი. როგორც რიჟამაძემ აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარემ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პარტია ჯარიმდება 2000 ლარით.

„ეს არის მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც უწესებს ზღვარს პარტიის გამოხატვის თავისუფლებას და ადგენს, რომ ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით“, - წერს რიჟამაძე.

ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო რეკლამის თემაზე მიღებული გადაწყვეტილება. „სოციალური ქსელებით გავრცელდა გარკვეული რეკლამები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თავად დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. ამის შემდეგ ჩვენ მოგვმართა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივრით. არსებობდა შესაბამისი ვადები. ცესკო-ს თავმჯდომარის დავალებით შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. 10-დღიანი ვადა იყო ამისთვის. დღეს, 10 სექტემბერს ცესკო-ში ზეპირი მოსმენა გაიმართა, რასაც კანონი ითვალისწინებს. ზეპირ მოსმენაზე „პატრიოტთა ალიანსისა“ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები - კონკრეტული საჩივრების ავტორები იმყოფებოდნენ. მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ წარმოედგინათ საკუთარი პოზიცია და არგუმენტაცია აღნიშნულ საკითხზე“, - ამბობს მიქელაძე.

როგორც ცესკო-ს სპიკერი აღნიშნავს, ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესის დარღვევის შესახებ შეადგინა ადმინისტრაციის სამართალდარღვევათა ოქმი. დოკუმენტი გადაიგზავნება სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, პარტია უნდა დაჯარიმდეს თუ არა.

ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილებაა მხოლოდ მოკვლევა და ამის საფუძველზე თუკი ის ხედავს კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს, შესაბამის ოქმს უგზავნის სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG