Accessibility links

ბათუმში კორონავირუსის შემთხვევათა თითქმის ნახევრის წყარო უცნობია


გასული 24 საათის განმავლობაში, ბათუმში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 15 მოქალაქის ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის თქმით, გუშინ ტესტი 2700-მდე მოქალაქეს აუღეს.

„კვლევების არეალი ფართოვდება და ამის გამო შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს. 14-მა ახალმა შემთხვევამ გვიჩვენა ფართო გავრცელების დიაპაზონი აჭარაში. ეს შემთხვევა ფიქსირდება სხვადასხვა დაწესებულებებში. გაჩნდა ახალი ლოკაციებიც, მათ შორისაა სამედიცინო კლინიკები, სადისტრიბუციო კომპანიები, „თეგეტა მოტორსი“ და სხვა“.

გასული 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიებში დასრულდა აჭარაში აღებული 2658 ნიმუშის კვლევა, აქედან დადასტურდა 39 ახალი შემთხვევა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ. მათ შორის არაა მძიმე, რეანიმაციული პაციენტი და მხოლოდ სამია საშუალო სიმძიმის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას 10 სექტემბრის განცხადების თანახმად, 100 000 მოსახლეზე საქართველოს ინციდენტობის მაჩვენებელი 10,2-ია, ხოლო აჭარის რეგიონში ეს მონაცემი 52,9-ს შეადგენს. (არსებული ინფორმაციით, ქვეყანა მწვანე სტატუსს იმ შემთხვევაში კარგავს, თუ ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ს აღემატება).

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG