Accessibility links

site logo site logo

TI: „ოცნების“ 30 მაჟორიტარიდან ნახევარზე მეტი, 19 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს კვლევას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ძირითადი მიგნებების მიხედვით, მაჟორიტარი კანდიდატების ნახევარზე მეტი, 30-დან 19, ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ეს 19 კანდიდატი კი, მთლიანობაში, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან.

ამას გარდა, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თანახმად, მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მთლიანობაში მათ „ქართულ ოცნებას“ 740,826 ₾ შესწირეს. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, გიორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც. მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში „ქართულ ოცნებას“ 3,702,826 ₾ შესწირეს.

ანგარიშის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4,364,109 ₾ (ტენდერი – 623,450 ₾; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ₾).

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" თანახმად, მაჟორიტარობის 6 კანდიდატს (დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758,300 ₾-ად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2,210,000 ₾-ად – სახელმწიფო საწარმოების წილები.

კვლევის მიხედვით, ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში – მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12,646,900 ₾-ს.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაშია აღნიშნული, მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.

ამავე კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.

"გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას", - აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო".

ორგანიზაციის ცნობით, მომავალში გამოქვეყნდება ანალოგიური კვლევა სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG