Accessibility links

ბერლინი აცხადებს, რომ რუსეთის მონაცემებს მხოლოდ ნავალნის თანხმობით გადასცემენ


ბერლინის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ბერლინის საქალაქო ხელისუფლების იუსტიციის უწყების მითითება, გაუწიოს სამართლებრივი დახმარება რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავლნის სავარაუდო მოწამვლის საქმეში.

ამის თაობაზე პროკურატურა იტყობინება ტვიტერის საშუალებით.

ცნობით, ინფორმაცია ნავალნის ჯანმრთელობის შესახებ შეიძლება გადაეცეს რუსეთი მხარეს, მხოლოდ „მისი თანხმობით“.

რუსეთის ხელისუფლება ადრე გამოვიდა მტკიცებით, რომ გერმანია, რომლის ხელისუფლება მოსკოვს მოუწოდებს, გამოიძიოს ნავალნის მოწამვლის საქმე, არ ჩქარობს პასუხი გასცეს გენერალური პროკურატურის თხოვნას, გაუწიოს სამართლებრივი დახმარება.

აგვისტოს ბოლოს, ციმბირის ქალაქ ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში ყოფნისას, ნავალნი შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა საგანგაშო დაჯდომა განახორციელა ომსკში.

ომსკიდან ნავალნი ბერლინის კლინიკა შარიტეში გადააფრინეს, სადაც გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება" მიუთითებდა, რომ ნავალნი საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტით იყო მოწამლული, რაც კრემლმა კატეგორიულად უარყო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მას "უსაფუძვლო" უწოდა 11 სექტემბერს.

დასავლელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათაც მიაჩნიათ, რომ მოწამვლა სავარაუდოდ, რუსული ხელისუფლების შეკვეთა იყო და მოუწოდეს რუსეთს, დაემტკიცებინა, მას არ მიუღია ამაში მონაწილეობა.

ამ შემთხვევას მოჰყვა საერთაშორისო მოწოდებები რუსეთის მიმართ, ჩაეტარებინათ გამჭვირვალე გამოძიება, სხვა შემთხვევაში მოელოდა სანქციები, მაგრამ მოსკოვმა არ დაიწყო გამოძიება და განაცხადა, რომ მის ექიმებს საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ.

11 სექტემბრის განცხადებაში, ციმბირის სატრანსპორტო პოლიციამ აღნიშნა, რომ ატარებს "შემოწმებებს" მომხდართან დაკავშირებით, და გამოაქვეყნა რამდენიმე დასკვნა ნავალნის მოქმედებების შესახებ.

კრემლმა ადრე განაცხადა, რომ ბერლინს არ უპასუხია მის თხოვნაზე - გაცნობოდა სამედიცინო მონაცემებს, რომლის საფუძველზეც გაკეთდა განცხადება ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის შესახებ.

ომსკის ექიმებმა ადრე განაცხადეს, რომ მათ ნავალნის მკურნალობისას ნერვული აგენტის ანტიდოტი გამოიყენეს და შარიტეს სამედიცინო პერსონალმაც გამოიყენა ის ნავალნის მკურნალობისას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნავალნის შესახებ მონაცემები გადაეცა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა.

რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ 10 სექტემბერს გაიმეორა მოსკოვის პოზიცია ამ ინციდენტის შესახებ და განაცხადა, რომ რუსეთს "არ აქვს გამოძიების დაწყების საფუძველი " ნავალნის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG