Accessibility links

"ლელო" მმართველ გუნდს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს


"ლელო" ირწმუნება, რომ საარჩევნო კამპანია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებითა და შანტაჟით მიმდინარეობს და საუბრობს პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ზუგდიდში.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, ირაკლი მატუა ამბობს, რომ წუხელ, გვიან ღამით, ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა "ქართული ოცნებიდან", თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ, მას ქალაქისა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი შესთავაზეს.

"მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამიკავშირდა, გადმომცა 600 ლარი, რომელიც თან მაქვს. თანხა შემომთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ წავსულიყავი ქალაქიდან და კავშირზე არ უნდა გამოვსულიყავი არავისთან. პირადად შემხვდა მმართველი გუნდის წარმომადგენელი ოთარ ქადარია. შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ წავსულიყავი ქალაქიდან, თუმცა მოვახერხე ჩემს თანაგუნდელებთან დაკავშირება, რომელთა დახმარებითაც მათგან თავი დავაღწიე და ოფისში მოვედი", - აცხადებს ირაკლი მატუა.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება "ლელოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი. მისი თქმით, "ლელო" ხელისუფლებისთვის საშიშია და ისინი ყველაფერს აკეთებენ პარტიის შესაჩერებლად.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ლელო" მმართველი პარტიის მხრიდან ძალადობის შემთხვევაზე საუბრობს.

10 სექტემბერს, პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა იმაზე, რომ ზუგდიდში "ქართული ოცნების" ზონდერებმა "ლელოს" ღონისძიების პროვოკაციულად ჩაშლა სცადეს. ხაზარაძის თქმით, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში დასაქმებული პირები მას ხელისუფლებამ სპეციალურად მიუგზავნა პროვოკაციული კითხვებით, ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას.

3 სექტემბერს კი "ლელოს" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ ამავე რაიონის ორგანიზაციის წევრზე, მანანა სულთანიშვილზე, ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა და თქვა, რომ "რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერაძის და "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირის, მაკა სამნიაშვილის და ქეთი ღვინიაშვილის მხრიდან განხორციელდა მანანა სულთანიშვილზე ზეწოლა".

"ლელოს" მსგავსად, ხელისუფლების მხრიდან შევიწროებისა და ძალადობის ფაქტებზე სხვა ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ. "ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის 10 სექტემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა ხდება გორსა და კასპში.

ასევე ნახეთ: ISFED: მოსყიდვა, დაშინება, სინოდის წევრების მხარდაჭერა

როგორ ფასდება წინასაარჩევნო გარემო ISFED-ის შუალედურ ანგარიშში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG